Tuesday, 1 October 2013

„Radu Stanca“ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

                                                                                           ნანუკა სეფაშვილი 

             თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში რუმინული თეატრის, „Radu Stanca“-ს,  ორი სპექტაკლი ვიხილეთ. პირველი წარმოდგენა 24 სექტემბერს  „გოდოს მოლოდინში“ იყო, ხოლო მეორე და მესამე დღეს - 25და 26 სექტემბერს  -„გულივერის მოგზაურობა“.  ორივე დადგმის ავტორი საკმაოდ ცნობილი რეჟისორი  სილვიუ პურკარეტეა. ის  არაერთი თეატრალური პრემიის მფლობელია - მათ შორის პიტერ ბრუკის ოქროს გლობუსის , ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის, დუბლინისა და გდანსკის ფესტივალების. ამიტომაც, სრულიად ბუნებრივია  რომ მაყურებელი ორივე სპექტაკლისგან მაქსიმუმს ელოდა. თუმცა, მოლოდინი მხოლოდ ერთმა მათგანმა - „გულივერის მოგზაურობამ“ - გაამართლა. ამ წარმოდგენებს შორის არსებული დიდი  ხარისხობრივი განსხვავების გამო, თითქმის შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ  მათი დამდგმელი რეჟისორი  ერთი და იგივე ადამიანია. მაგრამ,  მიზეზის ახსნა ალბათ  შესაძლებელია -  „გოდოს მოლდინი“ 2005 წელს დადგმული სპექტაკლია, ხოლო „გულივერის მოგზაურობის“ პრემიერა 2012 წელს შედგა. 7 წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ რეჟისორმა სრულიად შეიცვალოს   ხედვა, მიმართულება და ა.შ. „გულივერის მოგზაურობა“  მართლაც თანამედროვე და სრულიად შთამბეჭდავი სპექტაკლია. სამწუხაროა, რომ იმავეს „გოდოს მოლოდინზე“ ალბათ ბევრი ვერავინ იტყვის.

"გულივერის მოგზაურობა"
            „გულივერის მოგზაურობა“-ში სცენოგრაფმა დრაგოს ბუჰაგიარმა ძალიან საინტერესო სცენოგრაფია შემოგვთავაზა. თითოეული დეტალი კარგად იყო მორგებული სპექტაკლს და მის ერთიან ნაწილს წარმოადგენდა.  სამსახიობო ოსტატობა, სცენოგრაფია,  რეჟისორული ნამუშევარი სრულ ჰარმონიაში იყო ერთმანეთთან და შედეგად მივიღეთ 120 წუთიანი შესანიშნავი სპექტაკლი.

"გულივერის მოგზაურობა"
            Radu Stanca-ს  ვიზიტი თბილისის ფესტივალზე მხოლოდ სპექტაკლებით არ შემოფარგლულა. 25 სექტემბერს თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრმა კონსტანტინე კირიაკის (პროდიუსერი, მსახიობი, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, Radu Stanca - ს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) ვორკშოპს უმანსპინძლა. სწორედ კირიაკი მონაწილეობდა „გოდოს მოლოდინში“.  ის  ქართველ ახალგაზრდებს  კულტურის მენეჯმენტის შესახებ ესაუბრა.   27 სექტემბერს კი მაყურებელს სილვიუ პურკარეტესთან შეხვედრის საშუალება მიეცა.

"გულივერის მოგზაურობა"
            ვორკშოპები თეატრალური ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომაც კარგი იქნება თუ ასეთი სამუშაო შეხვედრების რაოდენობა ყოველ წელს უფრო და უფრო გაიზრდება.  ფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო ვორკშოპი გველოდება. მას ბრიტანული თეატრალური კომპანია „1927“ ჩაატარებს  და ძირითადად მათი პერფორმანსების  შესრულების სტილის გაცნობაზე იქნება ორიენტირებული.

                     

No comments:

Post a Comment