Wednesday, 16 October 2013

ბრძოლის შემდეგ

                                                                                   მაკო გოჩაშვილი

შეუძლებელია გულგრილი დარჩე ისეთი წარმოდგენის მიმართ, რომელშიც გამოყენებულია დანტე ალიგიერის, ანტონინ არტაუდის, ფრანს კაფკას და სხვა მსოფლიოში სახელგანთქმულ ავტორთა ნაწარმოებები. იტალიელი რეჟისორის, პიპო დელბონოს მიერ დადგმულმა სპექტაკლმა „ბრძოლის შემდეგ“ ქართველ მაყურებელზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და მის თვალწინ ისეთი სამყარო გააცოცხლა, რომელიც ძალიან ახლოსაა  ჩვენს თანამედროვეობასა და თითოეული ჩვენგანის განცდებთან.
 თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ერთგული მაყურებელი მოუთმენლად ელოდა იტალიელი თეატრალების წარმოდგენას, რომელიც 3 და 4 ოქტომბერს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართა. მუქ ნაცრისფერ კედლებს შორის არსებულ სივრცეში კომიკური და ტრაგიკული სცენები გამუდმებით ცვლიდა ერთმანეთს. ყველაზე გასაოცარი კი პიპო დელბონოს ოსტატობაა, რომლის წყალობითაც  ჩვენ თვალწინ უზომოდ ღრმა, მეტყველი, უამრავი ნიუანსისგან შემდგარი არაჩვეულებრივი ნაზავი და სრულიად განსხვავებული ტიპის სპექტაკლი გადაიშალა. პირადად ჩემთვის, სპექტაკლს ყველაზე დიდი ხიბლი თვითონ რეჟისორის ჩართულობამ შესძინა. მისი მეტყველება, მისი ხმა მართლაც სულის შემძვრელი და უდიდესი ემოციის მომტანი გახლდათ. რეჟისორმა თანამედროვე სამყაროში არსებულ აქტუალურ თემებზე საუბრით მაყურებელი დააბნია და ხაზი გაუსვა კიდეც იტალიისა და საქართველოს მსგავსებას. სპექტაკლში ისეთი სცენებისგან შედგებოდა, რომელთა მთავარი დამახასიათებელი ნიშნები გახლდათ ირონია, კომიზმი, ტრაგიზმი, შიზოფრენია, შემზარავი შიში, მტანჯველი ფიქრები, ჰუმანიზმი, ლაპარაკი სხეულით, ბგერებითა და ცეკვით... სახედაკარგული ადამიანები და ნიღბები, რომლებსაც მწარე სიცილამდე მივყავართ... უსაზღვრო სიყვარული საკუთარი დედისადმი და აქვე უნდა აღვნიშნო უმთავრესი ნიუანსი: პიპო დელბონომ ეს სპექტაკლი მიუძღვნა ბობოს, ადამიანს, რომელიც საგიჟეთში გატარებული თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ სცენიდან ესალმება მაყურებელს და საკუთარი ქვეყნის დროშის ფრიალით ტკეპნის სხვადასხვა ქვეყნების თეატრების სცენებს. რეჟისორმა სწორედ ბობოს აჩუქა ეს სპექტაკლი და გაულამაზა ის წლები, რასაც ღრმად მოხუცებულობას ვეძახით.

იმისათვის, რომ აღიქვა პიპო დელბონოს ხელოვნება და კარგად გაიაზრო, გაითავისო თითოეული ნიუანსი, ნამდვილად არ კმარა სპექტაკლის ერთხელ ნახვა. უძიროა მისი სიღრმე.. უსასრულოა მისი ფანტაზია.. დამამტყვევებელია პინა ბაუშის ცეკვის ელემენტებზე დაყრდნობილი სხეულის მოძრაობების ცქერა.. უზომოდ სასიამოვნოა შეგრძნება, როდესაც თვალებს ხუჭავ, დუნდები, მხოლოდდამხოლოდ პიპო დელბონოს მიერ ნათქვამ სიტყვებს უსმენ და თავი სცენაზე მდგომი ერთ-ერთი მსახიობი გგონია, რომელიც ასეთი შთამბედავი თეატრალური სიცოცხლის ნაწილია...
ბრძოლის შემდეგ იწყება ომი.
ომის შემდეგ სიმშვიდე ისადგურებს 
სიმშვიდეს ნეტარება სცვლის 
ნეტარებას სიხარული მოჰყვება
სიხარულს კი მრისხანება მოსდევს 
მრისხანების შემდეგ მელანქოლია დაისადგურებს 
მელამქოლიას გაუბედაობა მოსდევს 
გაუბედაობას შიში სცვლის 
შიშს კი - გამბედაობა 
გამბედაობის შემდეგ მშვიდობა დაისადგურებს..“





No comments:

Post a Comment