Friday, 18 October 2013

ტროელი ქალები

                                                                                        ნუცა კობაიძე

კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი და ქეთა შათირიშვილი - ეს ის ახალგაზრდა, ნიჭიერი, მსახიობები არიან, რომლებმაც წარმოგვიდგინეს, სამეფო უბნის თეატრში, სპექტაკლი „ტროელი ქალები“. არ შეიძლება რეჟისორ დათა თავაძეს და მის არაჩვეულებრივ გუნდს ტაში არ დაუკრა ასეთი წარმოდგენის შემდეგ.
გააკეთო სპექტაკლი დეკორაციისა და სხვადასხვა ეფექტების გარეშე უკვე გაბედული ნაბიჯია. ამას აკეთებს ახალგაზრდა რეჟისორი თან ისე, რომ ახერხებს მონუსხოს ქართველი და უცხოელი მაყურებელი (ფესტივალის სტუმრები).
დარბაზში შესულ საზოგადოებას სპექტაკლი დაწყებული გვხვდება, სცენიდან 5 ქალბატონი გვაკვირდება და გვიღიმის, ისინი ისე სხედან, როგორც ჭირისუფლები მიცვალებულთან და თითქოს ელოდებიან ჩვენგან თანაგრძნობას. სცენაზე, ორ რიგად, განლაგებულ სკამებზე ისე ვსხდებით, თითქოს მართლა პანაშვიდზე ვართ მისულები და გვინდა თუ არა უნდა გავიზიაროთ ის ტკივილი რასაც მგლოვიარე ქალები განიცდიან (მსახიობები). ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კატო კალატოზიშვილი იწყებს დატირებას, ის არ ინძრევა, არც ცრემლი მოსდის, უბრალოდ აქნევს თავს და თანდათან საშინელი სევდა და ტკივილი ისახება მის თვალებში, მის ძარღვებზე (ჩემთვის საოცარი იყო მისი ყურება ამ დროს).    


 ვიღაც ამბობს - 9 აპრილი - დგება ორი მსახიობი, ორივე იღებს ყვევილებს, იწყებენ წრეზე სიარულს, მაყურებელს დაჟინებით უსწორებენ თვალს, რომლებიც ამბობდნენ - ნუთუ ეს უნდა მომხდარიყო! და სათითაოდ ყრიან ძირს თითო ყვავილს, თითქოს ბოლო გზაზე აცილებენ გარდაცვლილს.
„გლოვაზე როგორ უნდა ილაპარაკო?“- ერთ-ერთი მსახიობი ამ ფრაზას თითქმის იმდენჯერ იმეორებს რამდენი ადამიანიც ზის დარბაზში, ის სათითაოდ ყველას გვეკითხება, ნუთუ შესაძლებელია ილაპარაკო გლოვაზე და იმ ტკივილზე რაც ამ დროს ადამიანს ბოლოს უღებს. შემზარავია თითოეული პერსონაჟის ისტორია, ისინი სათითაოდ ამბობენ თარიღებს და ერთმანეთს აწვენენ ძირს, ბოლოს მხოლოდ ქეთა შათირიშვილი დგას ფეხზე, ჩუმად გაუნძრევლად და მოსდის ცრემლები, მაგრამ მასაც გაქვავებულს ძირს დებენ - უიმედობის და უსიცოცხლობის განცდა გეუფლება ამ დროს ადამიანს.
უცბათ იწყება თამაში ფერებზე, ვეთიშებით იმ მძიმე და სასტიკ თემას რაც ცხვირწინ გვიტრიალებს და მოდუნებულები ღიმილით ვუყურებთ მსახიობებს, რომლებიც ჩვენთან მორბიან და ეძებენ იმ ფერის სამოსს რა ფერსაც აცხადებენ. საინტერესო იყო ამ დროს, რომ დაკვირვებოდით მაყურებელს, მათ თითქოს არ იცოდნენ რა ეცვათ ისე აკვირდებოდნენ საკუთარ ტანსაცმელს, ალბათ სურდათ ცმოდათ ის ფერი რასაც ამბობდნენ.
სიცილი ისევ ტირილში გადადის, ემოციურია სალომე მაისაშვილის ეპიზოდი, როცა ის ყვება ომში დაღუპული ოჯახის წევრების შესახებ, ყვება თავისი საყვარელი დის ისტორიასაც, რომელმაც ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - „ მე დავიფიცე და დედასაც დავაფიცე, რომ ამას არასოდეს ჩავიდენდით... გმირები ის დახოცილები კი არა ჩვენ ვართ, მე და დედაჩემი...“

ტროელი ქალები - საქართველოს 90-იანი წლების ქალები.

No comments:

Post a Comment