ნუცა კობაიძე
„როცა
ერთადგილიან ლოგინში გძინავს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მარტო ხარ და ასევე არ ნიშნავს
ორადგილიანში წოლა იმას, რომ აუცილებლად პარტნიორი გყავს...“
სამრეცხაო,
მოსაცდელი ადგილი, სარეცხი მანქანასთან მსახიობი ივ ჟაკი ელოდება თავის რიგს. და დადგა
მისი დროც, ტანსაცმლის შეყრის პროცესში იგი გადადის სხვა სამყაროში - კოსმოსში, რასაც
ეკრანზე გამოსახული კადრებით ვხვდებით. კედელში გამოჭრილი მრგვალი ფანჯარა ხან სარეცხი
მანქანაა, ხან აკვარიუმი, ის ქალის მუცელიც არის საიდანაც მსახიობს პატარა კოსმონავტი
გამოყავს და კომპიუტერული ტომოგრაფიაც; მოკლედ მისი მეშვეობით ჩვენ ვხედავთ კოსმოსსაც
და მიწიერ სამყაროსაც. ასევე მრავალფუნქციურია საუთოვებელი მაგიდა და გამოყენებულია
როგორც, რაკეტა, სავარჯიშო მაგიდა, ველოსიპედი, მოტოციკლეტი... მაქსიმალურად ათვისებულია
ყველა დეტალი სცენაზე, ზედმეტი არაფერია.
სცენოგრაფია
და ის მხატვრული ხერხები, რაც სპექტაკლშია გამოყენებული მაყურებელს ხიბლავს და აძლევს
იმის საშუალებას მარტივად აღიქვას ის, თუ რა ხდება სცენაზე, ყველაფერი წამებშია გათვლილი,
უცბად იცვლება სცენები და მსახიობიც წამებში იცვლის როლებს. სიუჟეტი თითქოს რთულია,
მაგრამ რეჟისორი რობერტ ლეპაჟი ახერხებს მისი მარტივი ენით გადმოცემას.
მარტო
დარჩენილი ადამიანის განცდები ხიბლავს ქართველ მაყურებელს, ის ხან აცინებს ხან თრგუნავს
მას, მაგრამ განწყობა მაინც ოპტიმისტურია. პერსონაჟი არ აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას,
რომ მოდუნდეს და მიეცეს დეპრესიას; ის ხან სპორტით კავდება, ხან გაზეთის წარმოებით,
რომ აღარაფერი ვთქვათ მის კოსმოსურ გეგმებზე. თითქოს მის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი პრობლემა
დგას, შეურიგდეს თუ არა ძმას, რომლისაც შურს და რომლის გვერდზეც თავს დაკნინებულად
გრძნობს მისი კულტურის, ღრმა განათლების გამო და ასევე იმის გამო, რომ ლაღი, თავისუფალი,
მდიდარი ადამიანია და ცხოვრობს თავის გეი პარტნიორთან ერთად.
საინტერესო
პერსონაჟები არიან კოსმონავტი სათამაშოები, რომლებიც საოცრად მოძრაობენ. კარადაში დამალული
პატარა კოსმონავტი ხელში იღებს დედამიწის ბურთს და ათამაშებს - ამით რეჟისორი ხაზს
უსვამს ადამიანის ძალაუფლებას.
ოქროს
თევზი, რომელიც სიმბოლოა სურვილების ახდენის - კვდება. კვდება თევზი სახელად ბეთჰობვენი.
აქ ხომ მართლა თევზის სიკვდილი არაა მთავარი თემა? რატომ ვკლავთ ბეთჰოვენს, რომელმაც
დაწერა მთვარის სონატა? იმიტომ ხომ არა, რომ ოცნება, ოცნებად და ილუზიად რჩება, რომ
პერსონაჟი მელანქოლიური ადამიანია.
ივ
ჟაკი არაჩვეულებრივად ფლობს ქალურ პლასტიკას, მანერებს, თავისუფლად დადის ქუსლიანი
ფეხსაცმლით. ის ამჟღავნებს დედობრივ გრძნობებს თოჯინის მიმართ, რომელსაც ეფერება, ასწავლის
სიარულს და ბოლოს უშვებს კოსმოსში...
ბოლო
სცენა - ბეთჰოვენის „მთვარის სონატა“, ძირს წევს და იკლაკნება პერსონაჟი, ჭერზე დაკიდებული
სარკე კი სულ სხვას გვაჩვენებს - ის დაცურავს კოსმოსურ რაკეტაში - მიწიერ სამყაროში
იტანჯება, ილუზია კი აცოცხლებს...
-„როგორც
ერთი ანონიმური ფილოსოფოსი ამბობდა: ცხოვრება ნაბოზვარია და მერე კვდები.“
No comments:
Post a Comment