მაკო გოჩაშვილი
კანადელი
მსახიობისა და რეჟისორის, რობერტ ლეპაჟის მიერ
2000 წელს დადგმული სპექტაკლი „მთვარის შორი
მხარე“ არაერთხელ წვევია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას მაყურებლის გულის მოსანადირებლად
და საკუთარი კვალის დასატოვებლად ამა თუ იმ ქვეყნის თეატრის ისტორიაში. მიხარია, რომ
ჯერ რეპეტიციაზე, შემდეგ კი მაყურებლით სავსე რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ასეთი
ცნობილი და მნიშვნელოვანი წარმოდგენის ნახვის საშუალება მომეცა.
სპექტაკლის
მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ მასში გაერთიანებულია ხელოვნების ორი ისეთი უმნიშვნელოვანესი
დარგი, როგორიცაა თეატრი და კინო. მართლაც, არის წუთები, როდესაც მაყურებელს ეუფლება
გრძნობა, რომ ის ზის არა თეატრში, არამედ კინოში და უყურებს არა ცოცხალ მოქმედებას,
არამედ ფირზე ჩაწერილ გამოსახულებას. სწორედ ამგვარი სინთეზი ეხმარება კანადაში დაარსებული
კომპანიის - EX MACHINA-ის შემოქმედებით დასს, რომ ხელოვნების სრულიად ახალი ფორმები შექმნას
და თანამედროვე სამყაროში საკუთარი სიტყვა თქვას.
სპექტაკლის
მაცოცხლებელი ძალა, მისი ერთადერთი და მთავარი მოქმედი პირი არის ადამიანი, რომელიც
მარტოობის მტანჯველი განცდებითაა მოცული. დედის სიკვდილი, გაუცხოება საკუთარ ძმასთან,
უიღბლობა, ფიქრები, რომლებიც შენდაუნებურად გტანჯავს, სამყარო, სადაც ყველაფერი უცხოა,
ოქროს თევზი, როგორც ოცნებების ახდენის სიმბოლო და ოცნება, რომელიც მთვარის შორ მხარეს
უკავშირდება. აი, ყველაფერი რისი თქმაც სურდა სპექტაკლის რეჟისორს და რაც მაყურებელს
მეტად საინტერესო ენით გადასცა. მსახიობი - ივ ჟაკი ნამდვილად კარგად ირგებს როლს.
ის ერთდროულად ორ პერსონაჟს, ორ ძმას განასახიერებს და ამით ოდნავ დაბნეულობასაც კი
იწვევს მაყურებელში. პირდად მე, ყველაზე მეტად მისმა მეტყველებამ მომხიბლა. აღსანიშნავია
ასევე სცენა, სადაც ქალის სამოსში გეველინება და ქალის ფუნქციას იმდენად კარგად ითავისებს, რომ გონებას
თუ მოადუნებ ნამდვილად ქალი გეგონება.
მნიშვნელოვანი
ხაზი, რაც სპექტაკლს გასდევს, არის კოსმოსში მოგზაურობა - ერთ-ერთი ძმის ოცნება. წარმოდგენის
მსვლელობისას მაყურებელს საბჭოთა კოსმოსური პროგრამების ვიდეო ჩანაწერების ნახვის საშუალება
აქვს. სპექტაკლში მნიშნელოვანი ადგილი უკავია ასევე „პატარა კოსმონავტს“, რომელიც ჩვენს
მეოცნებე გმირს თავის სამყაროში წაიყვანს, მაგრამ ესეც ხომ მორიგი სიზმარი, მორიგი
ილუზიაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთვარეზე მოგზაურობა იმიტომ სურს სპექტაკლის მთავარ
გმირს, რომ დედამიწიდან გაიქცეს, გაექცეს რეალობას, გაექცეს სამყაროს, სადაც ვერ პოულობს
ადგილს, სამყაროს, რომელიც მასზე ბატონობს და არ აძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას.
მეტი
გულწრფელობისთვის ვიტყოდი, რომ სპექტაკლი „მთვარის შორი მხარე“ ოდნავ დროში გაწელილი
და, შესაბამისად, ცოტათი დამღლელიც მომეჩვენა, თუმცა ნამდვილად საინტერესო იყო კანადის
თეატრალური კულტურის გაცნობა და იმის გაგება,
თუ რა ხდება არა მთვარის, არამედ ჩრდილოეთ ამერიკის შორ მხარეში.
სპექტაკლის
დასასრულს არაჩვეულებრივი განწყობას ჰქმნის ბეთჰოვენის მთვარის სონატა და ივ ჟაკის
მოჩვენებითი ფრენა მთვარის შორი მხარის აღმოსაჩენად.
P.S.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ EX
MACHINA-ის დასმა, მოწვეულმა
სტუმრებმა და ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა რუსთაველის თეატრის პარტერიდან და კულისებიდან
ბუდა ბარში გადაინაცვლა. არაჩვეულებრივი მუსიკა, წითელი ღვინო, ღამის თბილისი, თეატრზე
შეყვარებული ადამიანები და გარემო, სადაც ყველას ერთი რამ აერთიანებს. ეს, რა თქმა
უნდა, თეატრი და თეატრის სიყვარულია.


No comments:
Post a Comment