Saturday, 28 September 2013

ჩვენი კიდურების ნაწილები

                                                                                           მაკო გოჩაშვილი

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პატარა თეატრში შეკრებილი საზოგადოება ფინეთიდან ჩამოსულმა დასმა იმდენად მოხიბლა და გაართო, რომ თეატრის ერთგული მაყურებელი მომდევნო დღეებშიც მათ მიერ ნაჩვენებ სპექტაკლზე საუბრობს. კალო კოლექტივი არის დასი, რომელიც თავის წარმოდგენებს ჯამბაზობის ელემენტებზე აგებს.  საფესტივალო სპექტაკლი „ჩვენი კიდურების ნაწილები“ რამდენიმე კომედიური ეტიუდისგან შედგებოდა და იმდენად სახალისო იყო, რომ მაყურებელს არცერთი წამით არ მისცა მოდუნებისა და მოწყენის საშუალება.

სამი ჯამბაზის ერთსაათიანი შოუ, რომელიც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა NEW-ს რიგით მეორე სპექტაკლი გახლდათ, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ თეატრალური ხელოვნება ეს არის სინთეზი ისეთი მრავალფეროვანი ელემენტებისა, როგორებიცაა ცეკვა, მუსიკა, ცირკი, საშემსრულებლო ხელოვნება და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ხსენებული სპექტაკლი ძალიან მარტივი შინაარსის მქონე ეტიუდების ნაზავი იყო და, შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის მაყურებელმა ადვილად აღიქვა, სულაც არ ნიშნავს. რომ ასეთივე ადვილი უნდა ყოფილიყო საშემსრულებლო თვალსაზრისით. სპექტაკლის მაცოცხლებელი ძალა მსახიობების პლასტიკა და მიმიკა გახლდათ. გარდა ამისა, ამ სამმა უსაყვარლესმა ჯამბაზმა სპექტაკლის მსვლელობაში დარბაზში მსხდომი საზოგადოება ჩართო და წარმოდგენა გაცილებით ორიგინალური და დასამახსოვრებელი გახადა.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მაყურებელი „ჩვენი კიდურების ნაწილების“ შემსრულებელ მსახიობებსა და სპექტაკლის იდეის ავტორებს: ჯენი კალოს, სამპო კურპასა და ტომ მონკტონს დიდი სიამოვნებით იხილავდა კიდევ ერთხელ ქართულ სცენაზე, ისევ მიეცემოდა უსაზღვრო მხიარულებას და კვლავ დააჯილდვებდა პარტერიდან მათსავე დარიგებული ფერადი ყვავილებით.



No comments:

Post a Comment