Saturday, 28 September 2013

გულივერის მოგზაურობა

                                                                                                                          ნუცა კობაიძე

ფესტივალიდან ასეთი კმაყოფილი მეორედ გამოვედი (პირველი იყო ლეპაჟის „the far side of the Moon“). რუმინეთმა 25-26 სექტემბერს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, შემოგვთავაზა არაჩვეულებრივი „გულივერის მოგზაურობა“. ძალიან კმაყოფილი დავრჩი სილვიუ პურკარეტეს რეჟისურით (მასთან შეხვედრა გაიმართა მოზარდმაყურებელთა თეატრში, 27 სექტემბერს). სანამ სპექტაკლზე წავიდოდი სულ ვფიქრობდი როგორ შეიძლებოდა პატარა ადამიანების შექმნა სცენაზე, სილვიუმ კი ეს ორიგინალურად შემოგვთავაზა; მან შუქჩრდილების საშუალებით მოახერხა მსახიობების დაპატარავება და გადიდება, ასევე ძალიან კომიკურად დადგა მაგიდაზე მოცეკვავე ქალების სცენა, რომლებიც ხელებით იყვნენ დაპატარავებულები (დღეს ხშირად იყენებენ უკვე ამ ხერხს, შენ უკან დამალული ადამიანი ხელების საშუალებით გიპატარავებს ტანს).
პატარა ბავშვის მოგზაურობა ირეალურ სამყაროში, სათამაშო ხის ცხენით, ლამაზი და ამავდროულად შემზარავია. ფქვილის მიღება ავადმყოფებისგან, ხოლო ხორცის - ჩვილი ბავშვებისგან შემაძრწუნებელია, მაგრამ კარგად არის დადგმული. მოულოდნელი იყო ნამდვილი ცხენის შემოყვანა სცენაზე, მაგრამ,  ჩემი აზრით, არ იყო აუცილებელი.
ავადმყოფის ლოგინებს ექიმები ისე მოაცურებდნენ, თითქოს გონდოლებს მართავდნენ. დამოკიდებულება პაციენტების მიმართ სასტიკი და დაუნდობელია; ამ ეპიზოდს ანეიტრალებს ვირთხების შემოსვლა, რომლებიც ინტიმური ურთიერთობით კავდებიან. ვირთხები იქცევიან ადამიანებად მას შემდეგ, რაც ჭამენ ბავშვის ხორცს, მათი გარდაქმნა სიმბოლურია -  ვირთხაც კი ვერ უძლებს იმდენ სისასტიკეს, რამდენსაც ადამიანი სჩადის.
ყველაზე პოზიტიური სპექტაკლში იყო ჯგუფი ადამიანების, რომლებიც კოსტიუმებში გამოწყობილები, ხელში კეისებით, სინქრონში ერთმანეთის მიყოლებით დადიოდნენ სცენაზე  და ხაზავდნენ უსასრულობის ნიშანს. ისინი ცდილობდნენ, ბავშვის გახალისებას და გამოყვანას  შოკური მდგომარეობიდან.

ბოლო სცენა - კოსტიუმიანი ადამიანების ჯგუფი შიშვლდება, ამ დროს შემოჰყავთ სცენაზე ნამდვილი ცხენი და შემოდის პატარა ბიჭი, რომელიც ისევ ხის სათამაშო ცხენით აგრძელებს მოგზაურობას...


No comments:

Post a Comment