Wednesday, 25 September 2013

გოდოს მოლოდინში

                                                                                                                მაკო გოჩაშვილი

ადამიანის სიცოცხლის ყოველ წამს რომ რაღაც მოლოდინი ახლავს თან, ეს ყველასთვის ცნობილი და ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ რას ველით? რა გვტანჯავს ასე ძალიან და სად ვიკარგებით? ლოდინს აბსურდამდე ხომ არ მივყავართ და ხომ არ გვაქვავებს ერთ წერტილში? წერტილში, რომელსაც აწმყო, ჩვენი ყოველდღიურობა ჰქვია? საინტერესოა, რას ელიან სამუელ ბეკეტის პიესის „გოდოს მოლოდინში“ პერსონაჟები, რომლებიც გუშინ საღამოს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რუმინელმა რეჟისორმა სილვიუ პურკარეტემ გააცოცხლა. რუმინეთის ეროვნული თეატრი „რადუ სტანსა“ თბილისის თეატრალურ ფესტივალს 2005 წელს დადგმული წარმოდგენით ესტუმრა. ეს არის სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს ერწყმის კომიკური და ტრაგიკული ელემენტები და რომელიც მაყურებელს უამრავ ცხოვრებისეულ დეტალზე დააფიქრებს.



„მე რომ მცოდნოდა ვინ იყო გოდო, პიესაში ვიტყოდი,“ - თქვა სამუელ ბეკეტმა. პიესის ავტორი იმხელა საფიქრალს გვიტოვებს, რომ შეუძლებელია სპექტაკლის დასასრულს არ ჩაიძირო მის სამყაროში და სულ ცოტახანს მაინც არ იფიქრო იმაზე, რაც სცენაზე ხდებოდა შენს თვალწინ, ცოცხლად და სინთეზურად.
დარბაზში მსხდომმა საზოგადოებამ სცენაზე მდგომ მსახიობებთან ერთად გოდოს მოლოდინში 2 საათი გაატარა, მაგრამ ამაოდ..
გოდო კვლავ არ გამოჩენილა..
სპექტაკლის მთავარი მოქმედი პირები, გოგო და დიდი ისევ მარტონი, უმოქმედონი, უიმედონი დარჩნენ, ნატკენი სხეულითა და სულით, ერთმანეთისთვის უცხონი, მაგრამ ერთამენთისთვის აუცილებელნი. ალბათ არასოდეს შეიცვლება მათი დღეები. ისინი ისევე მონოტონური იქნება, როგორიც მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ვიხილეთ. ჩვენ, მაყურებელმა მსახიობები მხურვალე ტაშით დავაჯილდოვეთ და დავემშვიდობეთ ისეთი მტკივნეული განცდით, როგორიცაა ფიქრი ადამიანური ყოფის აბსურდულობაზე.


დღეს საღამოს კი რუმინეთის იმავე თეატრის სხვა სპექტაკლის ნახვის საშუალება გვაქვს. რეჟისორი სილვიუ პურკარეტე ამჟამად „გულივერის მოგზაურობის“ თანამონაწილეს გაგვხდის. 

No comments:

Post a Comment