Sunday, 15 September 2013

თბილისის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი [2013]

                                                                                  ნუცა კობაიძე


უკვე მეხუთე წელია მარჯანიშვილის თეატრი გვანებივრებს ამ შესანიშნავი პროექტით; ქართველ მაყურებელს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს მსოფლიო თეატრალურ წარმოდგენებს, მსახიობებს და რეჟისორებს უტარდებათ მასტერკლასები, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ვართ გაჩერებულები ერთ წერტილში.

არავის დაავიწყდება ჯორჯო სტრელერის უკვდავი სპექტაკლი „არლეკინი - ორი ბატონის მსახური“ - ნემსის ჩასაგდები ადგილი რომ არ იყო მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე, თეატრალურის სტუდენტები კი გარეთ ვიდექით და ველოდებოდით როდის გაგვიღებდნენ კარს და ვიხილავდით იმ სასწაულს რაც სცენაზე ტრიალებდა. არა მარტო „არლეკინი“, სხვა ბევრი საინტერესო სპექტაკლი ვიხილეთ, რომლებზეც მოთხოვნა ძალიან დიდი იყო და ბილეთები ფიზიკურად არ იშოვებოდა. დარწმუნებული ვარ, ამ ფესტივალის საშუალებით ასეთი დღესასწაულები კიდევ ბევრი იქნება.



ახლა კი მიმოვიხილოთ წლევანდელი ფესტივალი.  პირველ სპექტაკლს წარმოგვიდგენს კანადა - „მთვარის შორი მხარე“ (“The Far Side of the Moon”). მონოსპექტაკლი მოგვითხრობს მარტოხელა ადამიანზე, რომელიც ოჯახის წევრების დაკარგვის შემდეგ იწყებს ფიქრს: ნუთუ მარტოა ამ ქვეყანაზე, ნუთუ მარტო დედამიწაზეა ცხოვრება და სხვაგან არსად? ლტოლვა და მისწრაფება სირთულისკენ, თითქმის არარეალურისკენ ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილებაა. სულიერი და ფიზიკური მარტოობის დაძლევაში მას რაღაც მიზანი ეხმარება, რომლისკენაც ილტვის, რომლისთვისაც ძალ-ღონეს არ იშურებს... “რობერტ ლეპაჟმა, როგორც მწერალმა, რეჟისორმა და ნოვატორმა, შექმნა ახალი თეატრალური ენა და მოძრაობისა და ფანტაზიის ის ფორმა, რომელიც ამ ენას შეესაბამება.“ თავიდან სპექტაკლში თვითონ რეჟისორი თამაშობდა, 2007 წლის მერე კი როლი მან მსახიობ ივ ჟაკს გადაულოცა.


შექსპირის დრამატურგია ყოველთვის მოთხოვნადია თეატრალურ საზოგადოებაში, ამჯერად „მაკბეტს“ გვიჩვენებს პოლონეთი. სპექტაკლი გათანამედროვებული და უფრო სასტიკია ვიდრე პიესა, როგორც ჩანს, რეჟისორისთვის დღევანდელობა გაცილებით დაუნდობელი და პირსისხლიანია ვიდრე ეს საუკუნეების წინ იყო - „...კლეჩევსკას რეჟისურა ქალური დაუნდობლობით გამოირჩევა. იგი წარმოადგენს სამყაროს, სადაც მხოლოდ ძალადობა და სისხლისღვრაა...“ - წერს კრიტიკა.


სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“ ერთ-ერთი იმ პიესათაგანია, რომელიც ძალიან ხშირად იდგმება თეატრებში მსოფლიო მასშტაბით. უკვდავ პიესას, რომელიც ერგება ყველა დროს და გვაძლევს უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას, წარმოგვიდგგენს რუმინეთის ეროვნული თეატრი „რადუ სტანსა“. ქართველი მაყურებლისთვის ეს წარმოდგენა არ იქნება ძნელად აღსაქმელი, რადგან სიუჟეტი ყველამ იცის და სცენაზეც გვინახავს გიორგი აფხაზავას  დადგმული „გოდო“. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, სპექტაკლის მიმართ ინტერესი დიდი იქნება. რეჟისორი სილვიუ პურკარეტე გამოირჩევა თავისი ორიგინალური და დახვეწილი სტილით, საოცარი სიმსუბუქისა და პლასტიკის შეგრძნებით.


რუმინეთის ეროვნული თეატრი „რადუ სტანსა“ გვთავაზობს მეორე წარმოდგენას - „გულივერის მოგზაურობა“. რეჟისორი ნაწარმოების ახლებურ და ძალიან საინტერესო პერფორმანსს გვთავაზობს. სიურეალიზმის და აბსურდის ელემენტები შიშის გრძნობას იწვევს მაყურებელში. კოშმარული სიზმარი თუ საშინელი რეალობა, რომელიც სიკვდილის შიშს თესავს შემზარავად ჰარმონიულია სცენაზე. საოცარი სინთეზია ქორეოგრაფიის, ჩრდილების თეატრის, სამსახიობო ოსტატობის მუსიკისა და განათების. დარწმუნებული ვარ შთამბეჭდავი სანახაობა გველის წინ.


ერევნის მოზარდ მაყურებლის სახელმწიფო თეატრი, სომხეთი. ერევანი წლევანდელ ფესტივალზე წარმოგვიდგენს „მარსელს“, საინტერესო მონოსპექტაკლს, რომელიც გადმოგვცემს ფრანგი მომღერლის ედიტ პიაფის ცხოვრებას, მისი საყვარელი ადამიანის, მარსელ სედანის, გარდაცვალების შემდეგ. მარსელის გარდაცვალების შემდეგ პიაფი იწყებს იმქვეყნიური ყოფით ცხოვრებას, მისთვის ყველაფერი მიწიერი კარგავს აზრს და ხალისს. სპექტაკლში გამოყენებულია ედიტის 12 სიმღერა, რომელსაც ასრულებს მარიამ კაზანჩიანი. სავარაუდოდ ლამაზი და ემოციური სპექტაკლი უნდა შემოგვთავაზოს რეჟისორმა აკოფ კაზანჩიანიმ.
                                                
                                                          




"მთვარის შორი მხარე"

20-21/09/2013 რუსთაველის თეატრი (დიდი სცენა)
რეჟისორი: რობერტ ლეპაჟი
კომპოზიტორი: ლაური ანდერსონი
სცენოგრაფი: მარიე-კლაუდე პელეტიერი
მონაწილეობს: ივ ჟაკი
სპექტაკლში გამოყენებულია ბეთჰოვენის, ჯონ კოლტრეინის და ლედ ზეპელინის მუსიკ             
        








"მაკბეტი"

23/09/2013 გრიბოედოვის თეატრი (დიდი სცენა)
რეჟისორი: მაია კლეჩევსკა
კომპოზიტორი: ვალდემარ ვრობლევსკი
სცენოგრაფი: კატარჟინა ბორკოვსკა
მონაწილეობენ: მიხალ მაჟნიცი, პრჟემისლავ კოზლოვსკი, ადამ სიოლეკი, მიროსლავ ბედნარეკი, მიხალ სვიტალა, ლეშეკ მალეცი, გჟეგოჟ მინკევიჩი, ჯუდიტა პარაძინსკა, ალექსანდრა ცვენი, ევა ვიშომირსკა, ანჯეი ჯაკუბჟიკი, მაცეი ნამისლო, ლუკაშ შმიდტი








"გოდოს მოლოდინში"

24/09/2013 მარჯანიშვილის თეატრი (დიდი სცენა)
რეჟისორი: სილვიუ პურკარეტე
სცენოგრაფი: სილვიუ პურკარეტე
მონაწილეობენ: კონსტანტინ კირიაკი, მარიან რალეა, კრისტიან სტანსა, პალი ვეკსეი, ალექსანდრუ ნიკოარა








"გულივერის მოგზაურობა"

25-26/09/2013 რუსთაველის თეატრი (დიდი სცენა)
რეჟისორი: სილვიუ პურკარეტე
კომპოზიტორი: შონ დავი
სცენოგრაფი: დრაგოს ბუჰაგიარი
ქორეოგრაფი: ატილაბორდასი
მუს.გაფორმება: შონ დავის
მონაწილეობენ: ვერონიკა არიზანკუ, დიანა ფუფეზანი, რალუკა იანი, ტომაჰიკო კოგი, ალეხანდრუ მალაიკუ, ადრიან მატიოკი, სერენელა მარესანი, ადრიან ნეაკსუ, ედუარდ პატრასკუ, კატალინ პატრუ, ოფელია პოპი, კრისტინა რაგოსი, ნატალიე სიგი, კიპრიან სკურტეა, კრისტიან სტანსა, პალი ვექსეი, კორინა ვისინესკუ
ბავშვი: ალეხანდრუ ნიკოარა
ორგანზე უკრავს: თეოდორა სირკიუმარუ










"მარსელი"

29/09/2013 მარჯანიშვილის თეატრი (მცირე სცენა)
ერევნის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, სომხეთი
იდეის ავტორი, რეჟისორი და სცენარის ავტორი - აკოფ კაზანჩიანი
სასცენო მოძრაობა არინა არარატიანის
ვოკალისტი - არმანუშ აკოფიანი
მონაწილეობს: მარიამ კაზანჩიანი
Beginning at: 20:00


                                                                                               
                                                                                              

No comments:

Post a Comment